საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს საპატრიარქოს გალობის ცენტრი, რომლის საქმიანობასაც წარმატებულს ვერ დავარქმევთ. მეტიც, პირად საუბრებში თითქმის ყველა მგალობელი, მე ვისაც ვიცნობ, ცენტრის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს, ზოგმა მათგანმა ისიც არ იცის, რეალურად რას წარმოადგენს ეს ცენტრი და რა მოვალეობები აკისრია, ან ვინ არიან მისი წევრები, რაც მიანიშნებს ცენტრის არასათანადო მუშაობაზე. უნდა აღინიშნოს, რომ მგალობლებსა და ცენტრს შორის კომუნიკაცია მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც შემოწმებაზე იბარებენ გუნდებს, ან რომელიმე წარმომადგენელი თავად მიდის ღვთისმსახურებაზე, იგივე მიზნით. ის შემოწმებაც, ჩემი ინფორმაციითა და ანალიზით, ზედაპირულ და ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ უკმაყოფილების პარალელურად, რომელსაც მე გამოვთქვამ, შემიძლია მადლიერება გამოვთქვა კონკრეტული პიროვნებების მიმართ, არაერთი კრებულის გამოცემის გამო, რომლებიც სწორედ საპატრიარქოს გალობის ცენტრის სახელით გამოიცა, მაგრამ ეს ცენტრის წევრთა ინდივიდუალური ინიციატივისა და შრომის შედეგი უფროა, ვიდრე ცენტრის სტრატეგიული ან ერთობლივი მუშაობისა. ძალიან პირდაპირ რომ ვთქვა, ამ ცენტრის არსებობა ჩემთვის ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამის თქმის საფუძველს, გარდა იმისა, რომ მეც მგალობელი ვარ, მაძლევს გალობის ცენტრის წევრებთან და სხვა მგალობლებთან ხშირი კომუნიკაცია.
XXI საუკუნეში ქართული გალობის ცენტრს არ გააჩნია ვებგვერდი! არ გააჩნია სამუშაო სივრცე, თუ არ ჩავთვლით ერთ პატარა ოთახს, სადაც ერთობლივი მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია!
თუ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქმიანობებთან მკაცრ შედარებით ანალიზს მოვახდენთ, გალობის ცენტრი ფაქტიურად არ არსებობს.
ვფიქრობ, იმისათვის, რომ ვითარება შეიცვალოს, გალობის ცენტრის ხელმძღვანელის - მიტროპოლიტ დავით მახარაძის (რომელიც სხვადასხვა სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ყოფნის გამო გალობის ცენტრისათვის იშვიათად იცლის) ნაცვლად ხელმძღვანელობა უნდა ჩაიბაროს სხვა სასულიერო პირმა, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ამ სფეროს განვითარებისათვის.
მე ასეთ პიროვნებად მიმაჩნია არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე), გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის რექტორი (იხ. ვრცლად)
ვისთვისაც ეს ინიციატივა მისაღებია, გავერთიანდეთ და მოვამზადოთ ერთობლივი მიმართვა. ასეთი ცვლილების შემთხვევაში გალობის ცენტრისა და გალობის უმაღლესი სასწავლებლის აქტიური თანამშრომლობის გარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სხვა პერსპექტივაც გაჩნდება, რაც ამჟამად არ არსებობს.
მე ვიცი, რომ მეუფე დავითს გაწეული აქვს საკმაო ღვაწლი ქართული გალობისათვის, მაგრამ მეტია საკეთებელი. საჭიროა ძალიან აქტიური მმართველი, რომელიც გაგვაერთიანებს მგალობლებს, ხშირად გამართავს შეხვედრებს, სადაც მოხდება პრობლემების დეტალური გაცნობა, ურთიერთდახმარება და გარკვეული რეფორმების გატარება.
ძნელია სხვადასხვა საქმის ერთდროულად და ერთნაირი წარმატებით კეთება, რასთან დაკავშირებითაც მახსენდება ვასილ კარბელაშვილის მონათხრობი წმ. მღვდელმთავარ ალექსანდრე ოქროპირიძის შესახებ:
„აბა, ბიჭო, მითხარ, - რომელი უფრო მოგწონს ამ სამ საგანში, თანაც თითებზედაც ჩამოსთვლიდა: საეკკლესიო გალობის აღდგენა, დარღვეული მონასტრების განახლება, თუ ჩვენი სასულიერო მწერლების ნაწერების ბეჭდვაო?“ - არაერთხელ უკითხავს მას ჩემთვის და სხვათა მრავალთათვისაც. - „თქვენო მეუფებავ! სამივე ერთი ერთმანეთზედ უკეთესია და აბა, იმას რა ეჯობინება, რომ სამივე ესეები არ დააშოროთ ერთმანეთს! „ერიჰა! ეგ ხომ მძიმე და ძნელი საზიდი უღელია ჩემთვის, შვილო, მაგრამ მჯერა, რომ გულწრფელად მეუბნები მაგას და მართლადაც არ დაშორდებიან ეგენი. რა უყოთ? ღმერთი მოწყალეა! ორი შაურის მუშასა, მის დღეში არა უშავსა“. აი, რა სასოებით და მტკიცე იმედით შეუდგა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრე ქართული გალობის ნოტებზე გადაღების საქმეს.“
შეიძლება ვინმესთვის ჩემი ინიციატივა ძალიან ხმამაღალ და ამბიციურ განცხადებად აღიქმებოდეს, რაც, ალბათ, ბუნებრივია. მე კი ვთვლი, რომ აღარ შეიძლება ჩუმად ყოფნა და მგალობლებმა უნდა ვისაუბროთ ის, რაც გვაწუხებს, რასაც ვფიქრობთ, დაუფარავად, უშიშრად და ისეთი ფორმით, როგორადაც მგალობლებს გვეკადრება. შემდეგ კი ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ ყველას გვინდა და არა ისე, როგორც მე, ან რომელიმე ჩვენგანს.
ილია ჯღარკავა
8 მარტი, 2015 წ.
No comments:
Post a Comment