წერილების არქივი

Saturday, 7 March 2015

ანჩისხატის გუნდი
















2013 წელს ანჩისხატის გუნდმა 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოსცა კომპაქტდისკი სახელწოდებით „ნადი“. დისკს ახლავს შესანიშნავად მომზადებული მოკლე მიმოხილვა:

„მოვლენათა გარკვეულ თანხვედრას შეუძლია გარშემო მყოფ ადამიანებს, და, რაც მთავარია, საკუთარ თავს, ჩვენი შინაგანი არსი წარმოუჩინოს.“ ფრანსუა დე ლაროშფუკო

ხშირად ხდება, რომ რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას რიგითი, ერთი შეხედვით უბრალო ეპიზოდი უძღვნის წინ. 1987 წელს ბორჯომში ფოლკლორული მუსიკისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე ჩასული სტუდენტები (მალხაზ ერქვანიძე, დავით ზათიაშვილი, დავით შუღლიაშვილი, რეზო კიკნაძე და გურამ გაგოშიძე) ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ იქ მიღებული შთაბეჭდილება დღეს უკვე ანჩისხატის გუნდის სახელით ცნობილ ფოლკლორულ ანსამბლს ჩაუყრიდა საფუძველს. ამ შთაბეჭდილებას იხსენებს დავით შუღლიაშვილი: „ჩემში დღემდე არ ნელდება ის ძლიერი განცდა, რომელიც ბორჯომში, მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმზე ნადურის ავთენტური შესრულების პირველად მოსმენისას დამეუფლა. ეთნომუსიკოლოგმა ედიშერ გარაყანიძემ ვანის რაიონის სოფლების: ყუმურისა და დუცხუნის - გლეხების გუნდი მოიწვია. სცენაზე გაცრეცილ-გახუნებულ პიჯაკებში გამოწყობილი, შრომითა და ჯაფით ხელებდაკოჟრილი 10-12 მოხუცი იდგა. მათ მიერ შესრულებული თხუთმეტწუთიანი ნადური ნამდვილი საოცრება იყო (მთელ საქართველოში, შრომის დროს ნადური სიმღერის შესრულების ტრადიცია მხოლოდ ამ გუნდსღა ჰქონდა შემონახული). მაშინ მივხვდი, თუ რა გავლენას ახდენს მსმენელზე ავთენტური შესრულება. უბრალო გლეხების გაბზარული ხმები, მათი ინტონაცია, მათი სამოსი და დგომის მანერა,  ყველაფერი ეს ქმნიდა განცდას იმისა, რომ შენ ეზიარები რაღაც ნაღდს, ჭეშმარიტს, რასაც ხალხური შემოქმედება ჰქვია“. ამ სიტყვებში ჩანს ქართული ხალხური მუსიკის შესრულებისადმი ეთნომუსიკოლოგების დამოკიდებულებაც, რომელიც იმ დროისთვის განსაკუთრებულ აქტუალობას იძენდა. ავთენტურობის იდეის სასცენო პრაქტიკაში პირველი განმხორციელებელი ედიშერ გარაყანიძე და მისი ანსამბლი „მთიები“ გახლდათ. სწორედ ფოლკლორისტების ვიწრო წრეში ჩამოყალიბებული ხალხური მუსიკის ამგვარად შესრულების ფართო საზოგადოებაში გატანას და დამკვიდრებას მიეძღვნა ანჩისხატის გუნდის მოღვაწეობა. თუმცა იმ დროს, როდესაც გუნდი ყალიბდებოდა, არავინ უწყოდა, რომ მას რაიმე განსაკუთრებული მისია დაეკისრებოდა. ახლოვდებოდა კომუნისტური რეჟიმის დასასრული, რასაც საბჭოთა იმპერიის ნგრევა მოჰყვა. საქართველოს აღორძინების იდეით აღტაცებული საზოგადოება დიდი ენთუზიაზმით ხვდებოდა ჭეშმარიტი ქართული სულისკვეთების გაცოცხლებისკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს. ამ პერიოდში ქართული სიმღერის ავთენტური შესრულების იდეას ლამის ეპოქალური მნიშვნელობა მიენიჭა. დავით ზათიაშვილი ამბობს: „ანჩისხატის გუნდი ჩემთვის უპირველეს ყოვლისა თანამოაზრეთა ჯგუფია, რომლის წევრებმა ძველი დავიწყებული ქართული სიმღერების ერთად შესწავლა და აჟღერება ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმად აირჩიეს. ჩვენი შეკრების მთავარი იმპულსი იყო წინაპრების დანატოვარში ჩაშიფრული გზავნილის ამოკითხვის სურვილი, აზრების, შთაბეჭდილებების გაზიარება და არა გლობალური ისტორიულ-რევოლუციური იდეები. პირადად მე არ ვიყავი მზად იმისათვის, რომ საკუთარი თავი რაიმეს ამღორძინებლად აღმექვა. მართალი გითხრათ, არც ახლა ვარ ამისთვის მზად“. დიდ პასუხისმგებლობას გულისხმობს ასპარეზზე ახლად გამოსული ახალგაზრდისთვის მისი საქმიანობისადმი საზოგადოების ასეთი ცოცხალი ინტერესი. ძნელი სათქმელია, როგორ გაუმკლავდებოდნენ ამ „ტვირთს“ ანჩისხატის გუნდის წევრები, რომ არა კონსერვატორიის ფოლკლორის კათედრის ბიბლიოთეკაში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამოცემული ქართული გალობის რამდენიმე სანოტო კრებულის აღმოჩენის ფრიად საგულისხმო ფაქტი. ასე იხსენებს ამ კრებულებში წარმოდგენილი საგალობლების გაცნობის დროს მიღებულ შთაბეჭდილებას დავით შუღლიაშვილი: „მახსოვს თვალები დავჭყიტეთ, როდესაც ბიჭებმა ერთად ავაჟღერეთ ეს, ერთდროულად უცხო და მშობლიური ჰარმონია, პირდაპირ შუა საუკუნეებში აღმოვჩნდით!“ ამ მოგონებიდან კარგად ჩანს ის განცვიფრება, რომელიც რაიმე მნიშვნელოვან აღმოჩენას ყოველთვის თან ახლავს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საგალობლების გაცნობა იმ დროინდელმა ჯგუფის წევრებმა მალხაზ ერქვანიძემ, რეზო კიკნაძემ, დავით შუღლიაშვილმა, დავით ზათიაშვილმა, გურამ გაგოშიძემ და ზაალ წერეთელმა 1904 წელს გამოცემული წმ. ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) მიერ ნოტებზე ჩაწერილი აღდგომის სადღესასწაულო საგალობლების კრებულით დაიწყეს. 1988 წლის 10 აპრილს კი აღდგომის საგალობლები ბეთანიის მონასტერში პასექის დღესასწაულზე აჟღერდა. ბევრმა ეს ფაქტი ტრადიციული ქართული საგალობლების აღდგენა-აღორძინების დაწყების სიმბოლურ გამოვლინებად მიიჩნია. მოვლენების შემდგომი განვითარება მრავალ ნიშანდობლივ დამთხვევას შეიცავს. საგალობლები ჯგუფმა ააჟღერა სულთმოფენობის დღესასწაულზე, ხელახლა ამოქმედებულ ანჩისხატის ტაძარში - იქ, სადაც ისტორიულად დიდი სამგალობლო კერა არსებობდა, დაბოლოს, ანჩისხატის ტაძარში მანამდე სახელდაურქმეველი ჯგუფი ანჩისხატის გუნდად მოინათლა. ანჩისხატის გუნდის პირველ შემადგენლობაში შედიოდნენ: მალხაზ ერქვანიძე, ზაალ წერეთელი, დავით შუღლიაშვილი, დავით ზათიაშვილი, გურამ გაგოშიძე და რეზო კიკნაძე. აქედან მხოლოდ ერთი წევრი, ზაალ წერეთელი არ იყო მუსიკოსი. ცოტა ხანში გუნდს შემოუერთდნენ თემურ იმნაძე და ალექსანდრე ხახიშვილი.

საინტერესოა გუნდის ამჟამინდელ წევრთა მოგონებები იმის შესახებ, თუ რა შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე ანჩისხატის ტაძარში აჟღერებული ძველი ქართული გალობა. მამუკა კიკნაძე იხსენებს: „ეს მოხდა ჩემი სტუდენტობის ბოლო პერიოდში, 1989-1990 წლებში, როდესაც ჩემი პროფესიის (არქიტექტორი) სპეციფიკიდან გამომდინარე ხშირად ძველი თბილისის შემოვლა მიწევდა. ერთ დღესაც, ანჩისხატის ტაძარში სანთლის დასანთებად შევედი (მაშინ ეკლესიასთან ჩემი ურთიერთობა მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა), ტაძარში გალობა ისმოდა, რომელმაც თავისი განსხვავებული, უცნაური ჟღერადობით ჩემი ყურადღება მიიქცია. რაღაც ხანი გავჩერდი, მოვუსმინე ერთ საგალობელს, მერე მეორეს, მესამეს... ვაკვირდებოდი ხმების უცნაურ მოძრაობას, რომელიც, რაღაც გაურკვეველი გზით, ამ ხმებს ბოლოს უნისონში აერთებდა. ამ შთაბეჭდილებამ წინააღმდეგობა გამიჩინა ხალხურ სიმღერასა და გალობაზე ჩემს სტერეოტიპულ წარმოდგენასთან. ეს ყველაფერი კი შემდეგ სიმღერა-გალობის შესწავლის ინტერესში გადაიზარდა“. ლევან ვეშაპიძე: „თავიდან ანჩისხატის გუნდთან მხოლოდ სიმღერით ვურთიერთობდი. მაშინ მთელი დღეები გურულ სიმღერებს ვმღეროდი თანამოაზრეებთან ერთად, მათ შორის ერთ-ერთი დავით მეგრელიძეც იყო. ყველგან ვმღეროდი: კონსერვატორიის ფოიეში, აუდიტორიაში, დერეფნებში. მახსოვს, ჩემი და მალხაზ ერქვანიძის გაცნობაც გურული სიმღერით მოხდა. ერთად ვიმღერეთ და გვესიამოვნა. ამის მერე პერიოდულად მალხაზს ანჩისხატში ვაკითხავდი, მწუხრის დასრულებისას გამოვიყვანდი ტაძრიდან და ერთად ვმღეროდით. მაშინ გალობა ნაკლებად მაინტერესებდა, თუმცა, ამ ურთიერთობამ შედეგად ის ნაყოფი გამოიღო, რომ 1993 წლიდან მეც დავიწყე „ანჩისხატელებთან“ გალობა“. გოჩა ბალავაძე: „ანჩისხატის გუნდის არსებობის შესახებ პირველად ჩემი მეგობრისგან გავიგე 1990-1992 წლებში სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს. ძალიან დავინტერესდი და სულ მალე ხელში ჩამივარდა ამ გუნდის მიერ ერთ-ერთ წვეულებაზე შესრულებული სიმღერების ჩანაწერი. ეს ჩანაწერი ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის დიდი აღმოჩენა იყო. ქვეყანაში იცვლებოდა დამოკიდებულება სხვადასხვა ფასეულობების მიმართ. ხელოვნებაში მოვიდა თაობა, რომელმაც ახალი მიმართულებები შექმნა. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები დაინტერესდნენ ანჩისხატის გუნდით, რომელთანაც სიახლის მაძიებელი ეს თაობა ბევრ საერთოს პოულობდა. ამან დაგვანახა, რომ ჩვენ - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანები - ერთ საქმეს ვაკეთებდით.“ ამ მოგონებებში კარგად ჩანს მთელი თაობის განწყობა და მისწრაფებები. კვლავ გოჩა ბალავაძე იხსენებს: „ჩემს თანატოლებს გაუჩნდათ შინაგანი პროტესტი იმ ყალბი პათეტიკით გამსჭვალული სულისკვეთების მიმართ, რომელიც წინა თაობის პერიოდში ბატონობდა. მშობლების თაობა ჩვენ ტრადიციების უპატივცემულობაში გვადანაშაულებდა, რაც ნაწილობრივ სამართლიანი იყო, რადგან ბევრი რამ არ ვიცოდით. ანჩისხატის გუნდმა აღმოგვაჩენინა ის ძველი, ნაღდი ტრადიციები, რომელმაც ჩვენს გულში ცოცხალი გამოხმაურება ჰპოვა და საოცარი ენთუზიაზმით აღგვავსო“. ამ ენთუზიაზმის მიუხედავად, ეკლესიაში გალობის პირველმა წლებმა გუნდისთვის საკმაოდ რთულად ჩაიარა. მივიწყებული საგალობლების განსხვავებული ჟღერადობა, გალობის უჩვეულო მანერა ყველასათვის როდი იყო მისაღები და გასაგები. გუნდის წევრებს არაერთხელ უგრძვნიათ მრევლის და სასულიერო პირთა გარკვეული ნაწილის გაღიზიანება. აი რას იხსენებას ამასთან დაკავშირებით მამუკა კიკნაძე: „კარგად მახსოვს, როდესაც სადაგ დღეებში შუა გალობაში გვაჩერებდა მწირველი მღვდელი... მაშინ მივხვდი, რომ ქართველმა ქართველი კაცი, თავისი ქართული სიმღერით ვერ მიიღო!“ გულისტკივილის მიუხედავად, არ ყოფილა წყენა საეკლესიო საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ. თითქმის ორი ასწლეულის განმავლობაში ქართული საეკლესიო გალობის აკრძალვის უმძიმესი შედეგი გუნდის წევრებისათვის ცხადი გახდა: წინაპრების უძვირფასესი და საამაყო დანატოვარი - ქართული ტრადიციული გალობა - ხალხისთვის უცხო გამხდარიყო. ამ გარემოებამ ანჩისხატის გუნდის წევრები ქართულ ეკლესიაში ტრადიციული გალობის დამკვიდრების აუცილებლობაში კიდევ უფრო დაარწმუნა. გალობისადმი გუნდის ასეთმა ერთგულებამ თანამოაზრეთა რიცხვი საგრძნობლად გაზარდა. გაიზარდა გუნდის წევრთა რაოდენობაც. მას შეემატნენ: იმ დროს სასულიერო აკადემიის სტუდენტი გრიგოლ ბულია, მუსიკოსი ვასილ ცეცხლაძე და არქიტექტორი მამუკა კიკნაძე. აი რას მოგვითხრობს გრიგოლ ბულია ანჩისხატის გუნდში თავის მოსვლასთან დაკავშირებით: „1989 წელი იყო. იმ დროს გარკვეული პერიოდულობით ანჩისხატის გუნდის მიერ შესრულებული საგალობლების „მოვედით თაყვანისვცეთ“ და „ღვთისმშობელო ქალწულოს“ მოსმენა მიწევდა. თავიდან ეს ჰანგი, როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ე.წ. კარბელაანთ კილო“, მეუცხოვა, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს საგალობლები ჩემთვის უფრო და უფრო ახლობელი ხდებოდა და ამან ანჩისხატის ბიჭებთან ერთად სიმღერის სურვილი გამიჩინა. ღმერთს ვთხოვე ჩემთვის ანჩისხატის გუნდთან ერთად გალობის საშუალება მოეცა. გავიდა სამი წელი და სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს ანჩისხატის გუნდის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა, მალხაზ ერქვანიძემ ერთ-ერთი წევრის (რეზო კიკნაძის, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა) ნაცვლად გუნდში სიმღერა შემომთავაზა. საინტერესო იყო ის, რომ ჩემი სურვილი, რომლის ახდენა ღმერთს ვთხოვე, დავიწყებული მქონდა. ერთ-ერთი წირვის დროს ეს ამბავი გამახსენდა, გული სიხარულით ამევსო და შუა გალობისას უნებლიედ გამეღიმა. მახსოვს ბიჭები დაიბნენ, რადგან ვერ მიხვდნენ, თუ რატომ ვიღიმოდი. გუნდში ახლად მისული ვიყავი და ჯერ კიდევ კარგად არ მიცნობდნენ, ალბათ იფიქრეს, რომ რაღაც უცნაურობები მჭირს და ფრთხილად უნდა მომეპყრონ. მე კი ამ დროს მიხაროდა, რომ ღმერთმა თხოვნა ამისრულა“.

1991 წელს ანჩისხატის გუნდმა სააღდგომო საგალობლების გრამფირფიტა გამოსცა სახელწოდებით „აღდგომასა შენსა“. იგი შეიძლება გუნდის მოღვაწეობის საწყისი ეტაპის ერთგვარ დაგვირგვინებად მივიჩნიოთ. თავის მოგონებებს ამ ფირფიტასთან დაკავშირებით გოჩა გიორგაძე გვიზიარებს: „ანჩისხატის გუნდი ამ ფირფიტით გავიცანი. მახსოვს, რომ სოფელში ჩამოსული, მთელი ზაფხული ამ ჩანაწერებს ვუსმენდი. ისე მოვიხიბლე ამ საგალობლებით, რომ თბილისში ჩამოსვლისას პირველ რიგში ანჩისხატის ტაძარში მივედი. მახსოვს უმნიშვნელო დეტალებიც კი, ვინ სად იდგა, ვის რა ეცვა, დავდექი გუნდის უკან ერთ-ერთ სვეტთან და იმ დღიდან ამ გუნდის ერთგული თაყვანისმცემელი გავხდი“. მალევე ანჩისხატის გუნდი საკონცერტო პროგრამით კონსერვატორიის მცირე დარბაზში მსმენელის წინაშე წარდგა. ამით დაიწყო მისი საკონცერტო მოღვაწეობა. ანჩისხატის გუნდის ყოველ კონცერტს საზოგადოების წინაშე მისი საქმიანობის ერთგვარი ანგარიშის სახე მიეცა. ამ დროისთვის გუნდს ახალი წევრები შეემატა: ხატმწერი გოჩა გიორგაძე, არქიტექტორი დავით მეგრელიძე, ეთნომუსიკოლოგი ლევან ვეშაპიძე, მხატვარი გოჩა ბალავაძე, გეოგრაფი ნიკოლოზ ბერიაშვილი. ახალი წევრების შემოსვლით გუნდის რეპერტუარი საგრძნობლად გამდიდრდა. სცენაზე გუნდის ყოველი გამოსვლა შემოქმედებითი სიახლითა და მსმენელთაგან „სიურპრიზის“ მოლოდინით იყო აღბეჭდილი. თუ რა განაპირობებდა ყოველივე ამას გაკრვეულწილად შუქს ჰფენს ნიკოლოზ ბერიაშვილის სიტყვები: „მე, როგორც სხვა გუნდებში ნაცად და ამ გუნდში ყველაზე გვიან მოსულ წევრს, თანაგუნდელთაგან განსხვავებით ალბათ უფრო ობიექტურად შემიძლია შევაფასო მათი მოღვაწეობა. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, ამ ანსამბლის მიერ შერჩეული რეპერტუარი, რაც უდავოდ განაპირობებს მის წარმატებას და გუნდს განუმეორებელ სახეს სძენს. მაშინ, როდესაც აკადემიური გუნდები უპირატესობას ხალხური სიმღერის მწვერვალებად მიჩნეულ ნიმუშებს ანიჭებდნენ, ანჩისხატის გუნდმა საზოგადოების ყურადღება მიაპყრო ნაკლებად ცნობილ და უსამართლოდ მივიწყებულ სიმღერებს, რომლებიც მათი შესრულებით მარგალიტებივით გაბრწყინდა. ეს სიმღერები განსაკუთრებით კარგია უშუალო გარემოში ქართულ სუფრასთან შესასრულებლად, რითაც ხალხში დიდი სიყვარული მოიპოვა“. გუნდის ამგვარი პოპულარობა მისი წევრების სიმღერისამი დამოკიდებულებამ განაპირობა. ამას ეხმიანება დავით შუღლიაშვილის სიტყვებიც: „როდესაც დიდ მომღერალთა ჩანაწერებს უსმენ, ხვდები, რომ ასე შესრულებას ვერასოდეს შეძლებ, მაგრამ ჩანაწერებიდან შესწავლილ, ჩვენი ნამღერით გაცოცხლებულ სიმღერებს რომ ვაკვირდებით, ვაცნობიერებთ, რომ ძველი ჰანგი ერთგვარად ტრანსფორმირდება და თანამედროვე ენით, ჩვენი ტემბრებით აჟღერებული იგივე სიმღერა ახალ სიცოცხელს იძენს“. ნიკოლოზ ბერიაშვილი: „მოხდა ისე, რომ თითქოს საკმაო გამოცდილების მქონე მომღერალი, ხალხური სიმღერების გარკვეული ნიმუშების შესრულებისთვის მზად არ აღმოვჩნდი. მახსოვს ერთ-ერთი კონცერტისთვის ურმული უნდა მომემზადებინა. ამ სიმღერის შესწავლის დროს სირთულეს წავაწყდი. რა თქმა უნდა შეიძლებოდა მოსმენილი ჩანაწერის მექანიკური გამეორება, მაგრამ ასეთი შესრულება ნაკლებად დამაჯერებელი იქნებოდა. დიდხანს ვუკირკიტე ამ სიმღერას და ბოლოს მივხვდი, რომ მთავარი დაბრკოლება სიმღერის მუსიკალური მხარე კი არა, არამედ მისი ტექსტი იყო. ეს სიტყვები ხომ მშრომელი გლეხის სათქმელია და ჩვენ, გაუცხოებულები ვართ ყველა იმ გასაჭირისგან, რომელიც ამ ტექსტშია გადმოცემული. მთელი ჩემი წარმოსახვის უნარი დამჭირდა, რომ ეს სიმღერა სათანადოდ შემესრულებინა.“ გარკვეული თვალსაზრისით, ამ სიტყვებს ვასილ ცეცხლაძის ნათქვამიც ეხმიანება: „ყველა ქართული სიმღერა და გალობა არის წესისმიერი, ესე იგი რაღაცას ემსახურება და კონკრეტული მიზნით არის შექმნილი. მას თავისი სათქმელი აქვს და სიმღერის შესრულებას ვერ შევძლებ, სანამ მის დანიშნულებას არ გავიაზრებ.“ შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნას ანჩისხატის გუნდის წარმატება საზღვარგარეთაც. უცხოელი მსმენელისთვის გუნდის ამგვარი მიდგომა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა. ანჩისხატის გუნდს აღფრთოვანებით ხვდებოდნენ გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ინგლისში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, შვედეთში, შვეიცარიაში და სხვ.

საგულისხმოა ისიც, რომ ანჩისხატის გუნდის წევრების სამეცნიერო კვლევებიც სიმღერისა და გალობის დედანთან უფრო მიახლოებული შესრულების დამკვიდრებას ემსახურება. ამაზე ნათლად ამბობს ზაალ წერეთელი: „ოცდახუთწლიანი გამოცდილება მაძლევს უფლებას და საკმარის ცოდნას, დავადასტურო ახალი ნევმირებული კრებულის საჭიროება. ნევმების შესწავლის პერიოდშივე მივხვდი, რომ სამგალობლო პრაქტიკაში მათი გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენა იყო. მგალობლისთვის ეს რომელიმე ხმის საგალობლის გახსენების ან ჰანგზე ტექსტის დადების დამხმარე ხერხს წარმოადგენდა. ეს საკმაოდ გავრცელებული ქრისტიანული ტრადიცია გახლდათ. ტიპიკონი მოითხოვს, რომ ტექსტი იგალობებოდეს და არა იკითხებოდეს. ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გავაკეთოთ უკვე არსებული ჰანგების მეშვეობით. არ ივარგებს მხოლოდ ერთი და იგივე ხმის საგალობლის ერთი მუხლის გამოყენება. გამოვა, რომ ღვთისმსახურებაში ჩვენი საუნჯის მხოლოდ ერთ პროცენტს ვიყენებთ. მეორეს მხრივ, ჩემს სტუდენტებთან ნევმებზე მუშაობისას შევამჩნიე, რომ ნევმებით სიმღერის დროს ხდება სიტყვისა და მუსიკის კავშირის უფრო ღრმა გააზრება. სტუდენტები უყურებენ ტექსტს და მას ამღერებენ, როდესაც ჩვენ ვამღერებთ ნოტებს ტექსტის თანხლებით. გალობისადმი ეს ორი მიდგომა პრინციპულად განსხვავდება ერთმანეთისაგან.“

„ანჩისხატელების“ მეცნიერული მოღვაწეობის ნაყოფია: მალხაზ ერქვანიძის მიერ რედაქტირებული ქართული საგალობლების ექვსი ტომი, (რომელთაგან პირველი ოთხი, მისი ანჩისხატის გუნდში ყოფნისას არის მომზადებული და გამოცემული), დავით შუღლიაშვილის მიერ გამოცემული შემოქმედის სკოლის საგალობელთა კრებული, მისივე შედგენილი სანოტო კრებული, „ქართული ხალხური სიმღერები ანჩისხატის გუნდის რეპერტუარიდან“, ლევან ვეშაპიძის გაშიფრული და გამოცემული გურული სიმღერების კრებული, ზაალ წერეთლის მიერ მომზადებული კრებული „სამი ნევმირებული კანონი“, ასევე, სვეტიცხოვლის სკოლის საგალობელთა კრებული, რომელიც დავით შუღლიაშვილმა, ზაალ წერეთელმა, ლევან ვეშაპიძემ და დავით ზათიაშვილმა მოამზადეს. გარდა ამისა, ანჩისხატის გუნდს 10 საავტორო კომპაქტდისკი აქვს გამოცემული, მათ შორის ერთი - კანადაში, ერთიც - გერმანიაში. ყველა ეს გამოცემა ქართული ტრადიციული მუსიკის მოყვარულთათვის უძვირფასესი საჩუქარია.

„ანჩისხატელების“ მიერ 2009-2011 წლებში ჩატარებულმა კონცერტებმა ცხადყო, რომ მსმენელისთვის გუნდი კვლავ ხალხური მუსიკის სანიმუშო შემსრულებლად რჩება. გუნდმა ბოლო ორი კონცერტისთვის საკმაოდ საინტერესო პროგრამა წარმოადგინა. გაჟღერებულმა სიმღერებმა და საგალობლებმა, როგორიცაა: ნადურები „ჩოჩხათურა“ და „ქობულეთურა“, „ჩვენ მშვიდობა“-ს აქამდე უცნობი ვარიანტი, „მუცლად იღო იონა“ - გელათის სამგალობლო სკოლის ნიმუში, აფხაზური „არკუაშაგა“, გურული „ურმული“, მსმენელებში უმალვე დიდი პოპულარობა მოიპოვა. გუნდმა გააცოცხლა „მადლობელი ვარ“ სახელით ცნობილი მრავალჟამიერის საკმაოდ საინტერესო ნიმუში და მრავალი სხვა.

ანჩისხატის გუნდი 25 წლისაა! ვიმედოვნებთ, რომ ანჩისხატელებისთვის ეს ღირშესანიშნავი თარიღი ახალი ნაყოფიერი ეტაპის დასაწყისი იქნება. არავინ იცის, კიდევ რა „სიურპრიზს“ შემოგვთავაზებს მომავალში ეს თვითმყოფადი გუნდი. ერთი კი უდავოა, დავით მეგრელიძის სიტყვით: „ანჩისხატის გუნდი იყო და დარჩება იმ პატარა საძმოდ, რომელიც ცდილობს წინაპართაგან აბედივით შემონახული თვისებების შენარჩუნებას და მის კვალზე სიარულს, რომელთაგან სიყვარული გვირგვინია, ხოლო ქართული სიმღერა-გალობა კი მისი თარგმანება.“

No comments: