წერილების არქივი

Monday, 4 May 2015

ილია ჯღარკავას ექსპერიმენტი

2015 წლის 1 მაისს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 421-ე აუდიტორიაში გაიმართა დებატები ქართული სამუსიკო კილოს საკითხებზე.

მხარეები:

1. მალხაზ ერქვანიძე
2. ლევან ვეშაპიძე & ზაზა წერეთელი

დებატების სრული აუდიოჩანაწერი და ფოტომასალა

დებატებში მეც მივიღე მონაწილეობა და წარმოვადგინე ექსპერიმენტის შედეგები, რომელიც 2014 წლის 19 მარტს ჩატარდა კონსერვატორიის საეკლესიო მუსიკის კათედრაზე, რაც გულისხმობდა ქართული გალობა-სიმღერის კილოს საკითხებთან დაკავშირებით ჩემ მიერ სპეციალურად შექმნილი მელოდიის ნოტებზე გადატანას. ამას გარდა, მას შემდეგ გამოვკითხეთ სხვადასხვა პიროვნება - თუ როგორი იყო მათი აღქმა, ანუ ალტერაციის რომელ ნიშნებს ანიჭებდნენ უპირატესობას. დებატებზე არ მომეცა საშუალება, ვრცლად მესაუბრა ექსპერიმენტის მიზეზებზე და მიზანზე და გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას.

საკუთარი თავის გამოსაცდელად, მოისმინეთ აუდიოჩანაწერი, საწყის ბგერად პირობითად აიღეთ „დო“, თქვენც ცადეთ შეარჩიოთ ალტერაციის ნიშნები (მხოლოდ მელოდიისათვის) და შემდეგ განაგრძეთ კითხვა.



„ზუსტი ფიქსაციის პრობლემა ჯერჯერობით მუსიკალური ფოლკლორისტიკის აქილევსის ქუსლია. საქმის არსი იმაშია, რომ ევროპული პროფესიული მუსიკის წიაღში ჩასახული და შემდეგ საყოველთაოდ დამკვიდრებული წყობისათვის განკუთვნილი ხუთ ხაზიანი სანოტო სისტემა ხალხური, ანუ ე.წ. თავისუფალი მელოდიური წყობების, ბგერათრიგებისა და ინტერვალიკის ტონურ სიმაღლეთა ზუსტი ფიქსაციის საშუალებას არ იძლევა“.

კუკური ჭოხონელიძის ამ სიტყვებს ლევან ვეშაპიძის მიერ 2006 წელს გამოცემული გურული ხალხური სიმღერების სანოტო კრებულის წინასიტყვაობაში ვხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ციტატის შინაარსს ჩემთვის ცნობილი ყველა ქართველი ფოლკლორისტი იზიარებს, სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებზე თუ სანოტო კრებულების წინასიტყვაობებში მაინც ვხვდებით მტკიცებითი ფორმით გამოთქმულ სუბიექტურ მოსაზრებებს. მაგალითად, ქართული საეკლესიო გალობის V ტომის IV გვერდზე ვკითხულობთ:

„როგორც ვიცით, ფილიმონ ქორიძე ძველი მგალობლებისგან გადმოცემულ საგალობლებს თავდაპირველად თავის ფისგარმონიაზე აჟღერებდა და ამის შემდეგ გადაჰქონდა ნოტებზე. მის სანოტო ხელნაწერებს (რომლებიც თავისთავად უდიდესი ეროვნული განძია), მიუხედავად ჩამწერის დიდი ძალისხმევისა, საგალობლები შეძლებისდაგვარად სწორად გადაეტანა ხუთხაზიან სანოტო სისტემაზე, მაინც ახლავს მთელი რიგი ხარვეზები. იშვიათია შემთხვევა, როცა საგალობლის კილო სწორად არის დადგენილი, ანუ ხუთხაზიან სისტემაში შეძლებისდაგვარად სწორად არის ნათარგმნი“.

„შეძლებისდაგვარად, ყველა საგალობელს მოეძებნა შესაბამისი კილო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ყველა „რომელნი ქერუბიმთა“ და „და ვითარცა“. ეს ორი საგალობელი ტექსტობრივად ერთ მთლიანს წარმოადგენს, ხოლო მუსიკალურად უმეტესად განსხვავებულ ჰანგზეა მოცემული. მიუხედავად ამისა, მათ ერთი მუსიკალური კილო აერთიანებს. გამონაკლისია ჱ ხმის ნიმუში - საგალობლის ორივე ნაწილი ჰანგითაც და, მითუმეტეს, კილოურადაც ერთ მთლიანს წარმოადგენს (პარტიტურა N 1, გვ. 96; ჩვენთან იხ. გვ. 67). აქ ქორიძეს რამდენიმე ხარვეზი აქვს დაშვებული, კერძოდ: ჰანგი 1 #-ით აქვს ჩაწერილი - უნდა იყოს 3 #, მოცემული ჱ ხმის კანონზომიერებებიდან გამომდინარე; მუხლი „საიდუმლოდ“ იწყება ნოტა რედან - უნდა იწყებოდეს მიდან; და ბოლოს, „რომელნი ქერუბიმთას“ ბოლო ბგერასა და „და ვითარცას“ პირველ ბგერას შორის ინტერვალი არის კვარტა. კვინტიდან დაწყების შემთხვევაში კი მეორე საგალობელი გაგრძელდება პირველის დამამთავრებელ კილოში, რითაც ორივე მათგანის კილოური მთლიანობა დაცული იქნება“.

ტექსტის ავტორს ვეთანხმები იმაში, რომ მართლაც ბევრ რედაქტირებას მოითხოვს სანოტო ხელნაწერები და მადლიერი ვარ, რომ მის მიერ რედაქტირებული კრებულებიდან და მისი გუნდის აუდიოჩანაწერებიდან ვისწავლე გალობა.

ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს მის მიერ გამოყენებული სიტყვა „შეძლებისდაგვარად“.

ხელნაწერებში არსებული საგასაღებო ნიშნების პრობლემა კი ფილიმონ ქორიძის ბრალი არავითარ შემთხვევაში არ არის და მის მიმართ შენიშვნების გამოთქმა მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

ამას გარდა, თუ კარგად დააკვირდებით, მსჯელობა მხოლოდ იმაზე კი არ ხდება, საგალობლები როგორი საგასაღებო ნიშნებით უნდა ჩაეწერა ფილიმონ ქორიძეს და არ ან ვერ ჩაწერა, არამედ კეთდება დასკვნაც, რომ მან თურმე არასწორი სიმაღლე შეარჩია ერთ-ერთი საგალობლის ჩასაწერად, რაც არავითარ მეცნიერულ საფუძველს არ ემყარება. არ შეიძლებოდა ასეთი დასკვნის გაკეთება, რადგან გადამცემელმა რა სიმაღლიდან უგალობა ფილიმონს და რა პრინციპით არჩევდა იგი საწყის ტონს, ჩვენ შეუძლებელია ვიცოდეთ. არც ის ვიცით, თანმიმდევრულად მოუწია თუ არა მას ამ საგალობლების ჩაწერა და არც ის, მგალობელმა თავად ხომ არ შეცვალა საგალობლის სიმაღლე.

ვხვდებით ასეთ ფრაზებსაც:

„უხეში ცდომილებებია საგალობელში „მოვედით თაყვანის-ვსცეთ“. წარმოდგენილი ოთხი ვარიანტი ქორიძეს ერთსა და იმავე ხმაში აქვს მოცემული, ორ მათგანს ნოტა სიb-იდან გვთავაზობს, ხოლო დანარჩენ ორს დოდან. სამ შემთხვევაში საგასაღებო 2 b-ს ხმარობს, ხოლოდ მეოთხისთვის მიუწერია 3 b, რაც არასწორია. აქედან კარგად ჩანს, რამდენად პირობითია მის მიერ წარმოდგენილი საგასაღებო და ალტერაციის ნიშნები“.


„ღირს არს და მართალ“ (პარტიტურა N 1, გვ. 114) ქორიძეს დოდან 4 b-ით ჩაუწერია - უნდა იყოს 2 b-ით. ეს არის „სულო ჩემოს“ ჰანგი, ასევე საგალობლის „უფალო, რომელმან“ (რომლის ფონოჩანაწერი არტემ ერქომაიშვილისგან შემოგვრჩა) ხმაც.

„იხარებს სული“ - გასაღებში 1 b აქვს, სინამდვილეში არ უნდა იყოს.

ჩემთვის გასაკვირია, რა საჭირო იყო სიტყვა „უხეშის“ გამოყენება, ან რას ნიშნავს სიტყვა „სინამდვილე“? რომელი სინამდვილე? ვინ, ვინ და მალხაზ ერქვანიძეზე კარგად არავინ იცის, რომ სინამდვილეში არც 1 b უნდა იყოს და არც 7 #, რომ სულ სხვა კილოსთან და მოვლენასთან გვაქვს საქმე. გასაგებია, რომ ის მისი თვალთახედვით დანახული სისტემის მიხედვით მსჯელობს, მაგრამ სინამდვილეზე საუბარი არც ამ შემთხვევაშია გამართლებული, რადგან საუბარია ტემპერირებულ წყობაში ტრანსფორმაციაზე. ძალიან სუბიექტურია იმაზე საუბარიც, რომ 4 b კი არა, 2 b უნდა დაეწერა და ა.შ.

კრიტიკასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ სხვა შემთხვევაში ასეთი ფორმულირებაც გვხვდება, რაც სავსებით მისაღებია:

„მხოლოდ-შობილი“ მოცემულია უნიშნოდ, ითარგმნება 3 #-ით“.

რამდენიმე პიროვნების მხრიდან მოცემულ შენიშვნას ვითვალისწინებ და „თარგმნის“ ნაცვლად ახლაც და ამის შემდეგაც მე გამოვიყენებ „ტრანსფორმაციას“ ან „გარდაქმნას“.

რაც შეეხება ფილიმონის მიმართ გამოყენებულ სხვა ფრაზას - „აქედან კარგად ჩანს, რამდენად პირობითია მის მიერ წარმოდგენილი საგასაღებო და ალტერაციის ნიშნები“ - დავიმახსოვროთ და ქვემოთ დავუბრუნდეთ.

მალხაზ ერქვანიძეს მიაჩნია, რომ ერთი და იგივე ჰანგი ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იგივე საგასაღებო ნიშნებით უნდა გადავიდეს ტემპერირებულ წყობაში, რის დასაბუთებასაც მთელი რიგი არგუმენტების მოშველიებით წლებია ცდილობს.

მე კი მსურს დავასაბუთო, რომ მიუხედავად ასეთი კარგი განზრახვისა - ტემპერირებულ წყობაში სისტემურად მოწესრიგდეს საგალობლები - არ არის ეს მიდგომა სწორი, რადგან მოწესრიგებას კი არა, საგალობელთა კილოების დაზიანებას იწვევს და, სამწუხაროდ, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს.

რამდენიმე წელია ვმუშაობ თემაზე: „ქართული საეკლესიო გალობა და სანოტო სისტემა“ და დასკვნის სახით შემიძლია ვთქვა, რომ ერთი და იგივე საგალობელი განსხვავებული ხმათა შეწყობის შემთხვევაში, გარკვეულ კანონზომიერებათა გამო, ტემპერირებულ წყობაში სხვადასხვა ალტერაციის ნიშნებით ტრანსფორმაციას საჭიროებს.

ეს ჩემი ციტატა შეგიძლიათ მთელი ცხოვრების მანძილზე შემახსენოთ და თუკი ვერ დავასაბუთებ დასკვნის სისწორეს, წამომაძახოთ ხოლმე, ეს რამ დაგაწერინაო.

მე არ ვფიქრობ, რომ ფილიმონ ქორიძის ხელნაწერებში არ არის „შეცდომები“, არამედ ვფიქრობ, რომ ის უძლური იყო „სწორად“ გადაეტანა საგალობლები ნოტებზე, განა იმიტომ, რომ ნიჭი ან ცოდნა არ ყოფნიდა, არამედ იმიტომ, რომ ეს შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, შეცდომაზე საუბარი არ შეიძლება მაშინ, როცა უშეცდომობა გამორიცხულია. თან, ხაზი უნდა გავუსვა, რომ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზეც კი სხვადასხვაგვარ ნიშნებს უწერენ საგალობლებს.

ზემოთ სუბიექტურობა ვახსენე და, რა თქმა უნდა, თავად მეც ერთ-ერთი სუბიექტი ვარ. ამიტომ, ჩემზე შეგიძლიათ იგივე იფიქროთ და თქვათ. თუმცა, მაქვს საფუძველი მიმაჩნდეს, რომ ჩემი მოსაზრებები ობიექტურია იმიტომ, რომ მხოლოდ ჩემ აღქმასა და სურვილებს არ ეყრდნობა, არამედ ვითვალისწინებ ჩემ მიერ ჩატარებული ერთგვარი გამოთვლების შედეგებს და სხვა პიროვნებათა მოსაზრებებს. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ფილიმონ ქორიძის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი უძლური იქნებოდა „სწორად“ გადაეტანა საგალობლები ნოტებზე.

საერთოდ, ტერმინები - „სწორი“ და „არასწორი“ ფილიმონ ქორიძის მიმართ, როცა კილოზე ვსაუბრობთ, არ უნდა გამოვიყენოთ, რადგან მას არ ჰქონია სიხშირისა და ცენტების საზომი რაიმე ხელსაწყო ან კომპიუტერი. არც იმის დრო ჰქონია, რომელიმე საგალობლის ფორმის ანალიზი გაეკეთებინა ან ჰარმონიულ-პოლიფონიური კანონზომიერებები დაედგინა. მის ნაწერებში ვხვდებით ძალიან საგულისხმო სწავლებას და ინფორმაციას, მაგრამ დღეს საეკლესიო მუსიკის თეორეტიკოსები სულ სხვა სიმაღლეზე არიან, რაც დარგის განვითარებისა და ტექნიკის შექმნა-განვითარების შედეგია. ისეთი კვლევების ჩატარება მაშინ იყო შესაძლებელი, რაც დღესაა?

ფილიმონი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი საგალობელი გადაეტანა ნოტებზე. მან იცოდა, რომ ფორტეპიანოს წყობასთან შედარებით სხვა ბგერათრიგ(ებ)თან ჰქონდა საქმე, მაგრამ ისე ჩაწერა, როგორც შეძლო. ზოგ საგალობელს არც დაუწერა საგასაღებო ნიშნები. აუცილებელია ხაზგასმა იმაზეც, რომ მას უმეტესად უწევდა მხოლოდ პირველი ხმის ჩაწერა. ბევრი დაკვირვებისა და ექსპერიმენტის შედეგად კი ჩემთვის ცხადია, რომ ხმათაშეწყობის დროს კილოს აღქმა იცვლება. შესაძლოა ფილიმონმა ყველაზე ოპტიმალური ნიშნებიც კი შეარჩია, მაგრამ სხვამ რომ შემდგომ წლებში მიუწერა მეორე და ბანი (მაგალითად, რაჟდენ ხუნდაძემ), იმ საგასაღებო ნიშნებმა უკვე აღარ ივარგა.

მალხაზ ერქვანიძეს პირად საუბრებში ისიც უთქვამს, კიდევ კარგი, რომ მან ჩაწერა, მე რომ ვყოფილიყავი, შეიძლება მეთქვა, არ გადადის ნოტებზე, ეს სხვა მუსიკაა, სხვა კილოებიაო და ამის გამო ჩაუწერლად დარჩენილიყოო. ეს იმიტომ გავიხსენე, რომ არავის ეგონოს, თითქოს, მე მიმაჩნდეს, რომ მალხაზ ერქვანიძე ფილიმონ ქორიძის ღვაწლს არ აფასებს და საყვედურობს მას. არა, ასე ნამდვილად არ არის და სწორედ ამიტომ მიკვირს ზემოთმოყვანილი ფრაზების შინაარსი.

თუ კიდევ ვინმე ფიქრობს, რომ ფილიმონმა ალტერაციის ნიშნების კუთხით შეცდომები დაუშვა, არადა შეეძლო „სწორად“ ჩაეწერა, მაშინ მოახერხოს და ჩემ მიერ შემოთავაზებული აუდიოჩანაწერიდან ერთი და იგივე ნიშნებით გადაიტანოს აბსოლუტურად ერთი და იგივე მელოდია. ვნახოთ რამდენად „სწორი“ და ლამაზი გამოუვა.

ანჩისხატის გუნდის 25 წლის იუბილეზე, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, მალხაზ ერქვანიძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ის უკვე 25 წელია იკვლევს ქართულ სამუსიკო კილოებს და ახლა შეუძლია თქმა, რომ ის მზად არის მეცნიერული სამუშაოს შესასრულებლად, რაც მიანიშნებდა იმაზე, რომ იგი ვერ უშვებს მასზე მოკლე დროში სხვა პიროვნებას ჰქონდეს მსგავსი ან თუნდაც უფრო მართებული თეორია. მის მიერ წლების მანძილზე გამოთქმული მოსაზრებები ქართული კილოს საკითხებით დაინტერესებული საზოგადოების აზრზე ნამდვილად ახდენდა გავლენას და მას არ უნდა უკვირდეს, თუ მისი 25 წლიანი გამოცდილება სხვის გამოცდილებადაც იქცა.

დავუბრუნდეთ ექსპერიმენტს:

მოცემული იყო ტეტრაქორდული მელოდია, რომელიც სამჯერ, ზუსტად ერთი და იგივე სახით მეორდება, ხოლო შუა ნაწილიდან, მეოთხე გამეორებიდან ბოლომდე უკვე შებანება იცვლება და შუა ხმა ემატება. მელოდია აბსოლუტურად ერთი და იგივეა, ერთი და იგივე თითებმა ერთი და იგივე საქცევებზე დაუკრეს 6-ჯერ. ჰარმონიულმა ცვლილებამ შეცვალა მელოდიის კილოური აღქმა, რის შედეგადაც მსმენელი აუდიალურ ილუზიაში აღმოჩნდა.

ექსპერიმენტის შედეგები:

1. ზაზა წერეთელი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
2. დავით ზათიაშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
3. ეკატერინე ყაზარაშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
4. ვანო დვალიშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
5. თემურ ჯანელიძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
6. გიორგი ჯანელიძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
7. მაკა ხარძიანი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
8. ზურა წკრიალაშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
9. თათია ჩხეიძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
10. მამუკა კიკნაძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
11. ანზორ ერქომაიშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
12. გიორგი დონაძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
13. მირიან ხუხუნაიშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
14. ნუნუკა შველიძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
15. ანა ქასრაშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
16. გიორგი კილაძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
17. ლიკა ხორბალაძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა#
18. მედეა ფარქოსაძე: დო რე მი(b) ფა | დო რე მი ფა#
19. ლევან ვეშაპიძე: დო რე მი ფა | დო რე მი ფა#
20. ნინო რაზმაძე: დო რე მი ფა | დო რე მი ფა#
21. ქეთევან მათიაშვილი: დო რე მი ფა | დო რე მი ფა#
22. ნანა კალანდაძე: დო რე მი ფა | დო რე მი ფა#
23. თეონა რუხაძე: დო რე მი ფა | დო რე მი ფა#
24. დავით შუღლიაშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა
25. გიგა შუბითიძე: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა
26. ნანა ვალიშვილი: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა
27. თამაზ გაბისონია: დო რე მი ფა | დო# რე მი ფა#
28. მაია სიგუა: დო რე მი ფა | დო# რე მი ფა#
29. სოფო კოტრიკაძე: დო რე მიb ფა | დო რეb მიb ფა
30. თედო დიაკონიძე: დო# რე# მი ფა# | დო რე მი ფა#

შეჯამება:

დო რე მიb ფა | დო რე მი ფა# - დაწერა 18-მა პიროვნებამ
დო რე მი ფა | დო რე მი ფა# - დაწერა 6-მა პიროვნებამ
დო რე მიb ფა | დო რე მი ფა - დაწერა 3-მა პიროვნებამ
დო რე მი ფა | დო# რე მი ფა# - დაწერა 2-მა პიროვნებამ
დო რე მიb ფა | დო რეb მიb ფა - დაწერა 1-მა პიროვნებამ
დო# რე# მი ფა# | დო რე მი ფა# - დაწერა 1-მა პიროვნებამ

ყურადღება მიაქციეთ, რომ არცერთ მათგანს მელოდია ორივეჯერ ერთნაირად არ ჩაუწერია, როცა ზუსტად ერთი და იგივე მელოდიას უკრავდა ფანდური, 6-ვე შემთხვევაში.

შეგიძლიათ შედეგები სხვადასხვანაირადაც დააჯგუფოთ და ანალიზი სხვა კუთხით გააკეთოთ.

დამახსოვრებული ფრაზის შესახებ:

წარმოიდგინეთ, ექსპერიმენტში მონაწილე 30 ადამიანი ერთი-მეორეზე რომ ამბობდეს:

„აქედან კარგად ჩანს, რამდენად პირობითია მის მიერ წარმოდგენილი საგასაღებო და ალტერაციის ნიშნები“.

ექსპერიმენტის ჩატარებამდე, მე დარწმუნებული ვიყავი, რომ უმრავლესობა დაწერდა ამ ვარიანტს: დო რე მიb ფა | დო რე მი ფა# და ასეც მოხდა. თავად ჩემი ვერსიაც ასეთია და თუ რის საფუძველზე ვივარაუდე, რომ უმრავლესობა ასე დაწერდა, შემდეგ სტატიაში ავხსნი დაწვრილებით. ექსპერიმენტის მონაწილეებთან ზოგიერთ დიალოგსაც შემდეგ შემოგთავაზებთ.

გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას ვუხდი ქ-ნ თათია ჩხეიძეს, ლევან ვეშაპიძეს და ექსპერიმენტის ყველა მონაწილეს.

რატომ მოხდა ამ ექსპერიმენტის გამოყენება დებატებზე?

- რათა დასაბუთებულიყო, რომ თანაბარდაშორებული, ანუ 7 თანაბარ ნაწილად გაყოფილი ოქტავით მიღებული ბგერათრიგი არავითარ შემთხვევაში არ არის ერთფეროვანი.

ფანდურისა და მისი ბგერათრიგის შესახებ:

ფანდური, რომელზეც მე დავუკარი, გაზომილია ლევან ვეშაპიძისა და ზაზა წერეთლის მიერ, რომელიც გამოიყენეს პრეზენტაციაში და რომელიც ზუსტად იმ თანაბარდაშორებულ ბგერათრიგს იმეორებს, რაც მათ შემოგვთავაზეს არტემ ერქომაიშვილისა და სხვა მგალობლების აუდიოჩანაწერებში პირველი ხმის პარტიების გაზომვისა და ანალიზის შემდეგ.

ფანდურის ბგერათრიგი

რომელი ბგერათრიგი და თეორიაა უფრო მართებული, ლევან ვეშაპიძისა და ზაზა წერეთლის თუ მალხაზ ერქვანიძის?

ეს არის კითხვა, რომელზეც ყველასათვის დამაჯერებელი პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, მაგრამ ერთი ცხადია, არავის აქვს უფლება, უსახო, უაზრო, ერთფეროვანი, უსაფეხურო და ა.შ. უწოდოს ზაზასა და ლევანის მიერ წარმოდგენილ ბგერათრიგსა და თეორიას.

გაგრძელება იქნება.

მგალობელი ილია ჯღარკავა
4 მაისი, 2015 წ.

No comments: