თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ჩვენ ნამღერში დაფიქსირებული ბგერათრიგის იმგვარი კორექცია მოვახდინოთ, რომ, კილოური თვალსაზრისით, ძველი მომღერლების ნამღერს მიემსგავსოს, მაგრამ ამ ხერხით მიღებული შედეგი მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ბგერის სიმაღლის ხელოვნური შეცვლა არაა საკმარისი. ძველ ქართულ ხალხურ კილო(ებ)ზე მომღერალ პიროვნებას სხვანაირი პოზიციითა და მანერით უხდება ბგერათწარმოება. ვისაც ავთენტურ შემსრულებლებთან ჰქონია შეხება და ძველ აუდიოჩანაწერებს იცნობს, დამეთანხმება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი „იმიტირებული“ (არ ვიცი რამდენად მისაღები ტერმინია) აუდიოჩანაწერი არსებობს, სამაგალითოდ, ცხადია, ძველი ჩანაწერები რჩება. კომპიუტერის დახმარებით შექმნილი ნიმუშები, პრინციპში, ამა თუ იმ თეორიის პრაქტიკულ მაგალითებს წარმოადგენს და სხვას არაფერს.
არაერთხელ გამჩენია კითხვა: როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ბუნებრივად ნამღერი უბრალო „ამინ“?
ასეთ ჟღერადობას წავაწყდი ძველი ანსამბლ რუსთავის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც ასრულებენ: რამინ მიქაბერიძე, ჰამლეტ გონაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი. არცერთი მათგანი არ ითვლება ავთენტურ შემსრულებლად, მაგრამ ეს სიმღერა უფროსი თაობის ერქომაიშვილებისგან აქვთ ნასწავლი და მათ ნამღერში, ადგილ-ადგილ, ძველი კილოსკენ მიხრილი ბგერები არცთუ იშვიათად გვხვდება. ასევე უნდა ვთქვა, რომ, ჩემდა გასაკვირად, ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებულ სხვადასხვა სიმღერაშიც შემინიშნავს ძველებური ხმოვანება. აქ დასახელებულ სამივე მომღერალს ძველ პროფესიონალ მომღერლებთან ჰქონდა ურთიერთობა, მათთან ერთად სიმღერა უწევდა და ამ მხრივ დიდად გასაკვირიც, ალბათ, არაფერია.
წარმოდგენილი ნაწყვეტი სულ პატარაა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, ჩემი აზრით, იმით იმსახურებს, რომ ბოლო თანახმოვანებისას, ყოველგვარი ძალდატანებისა და ამაღლება-დადაბლების გარეშე, ბუნებრივად, განსხვავებული პოზიციით ნამღერი, „შუალედური სამხმოვანება“ ფიქსირდება. თუ გავითვალისწინებთ ჩანაწერის ხარისხსაც, ვფიქრობ, მაგალითისთვის საუკეთესოა.
ჩემთვის ეს „ქართული სამხმოვანებაა“, მაგრამ ტერმინოლოგიური დავა რომ არ გამოვიწვიო, შუალედურს ვუწოდებ. შუალედურს კი იმიტომ, რომ მაჟორსა და მინორს შორის ჟღერს.
მგალობელი ილია ჯღარკავა
9 მაისი, 2015 წ.
No comments:
Post a Comment