წერილების არქივი

Thursday, 10 November 2016

„ძველი ქართული ენის საეკლესიო ხმარებიდან განდევნის საჭიროება სრულიად გამორიცხულია“

გაიოზ კერატიშვილი
ბოლო წლებში ლიტურგიიდან ძველი ქართული ენის განდევნის სურვილი, სამწუხაროდ, არც თუ ცოტა ახალგაზრდა ქრისტიანმა გამოთქვა. ვიმედოვნებ, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ რა სავალალო შედეგებს მოიტანს ასეთი რეფორმის განხორციელება. ის კი სრულიად აშკარაა, რომ მათ არასდროს უფიქრიათ იმაზე, რომ, მაგალითად, ათი ათასამდე საგალობლის დამახინჯება-დაკარგვას გამოიწვევს ასეთი ნაბიჯის გადადგმა, რადგან ძველი ქართული ენა და ძველი ქართული გალობა განუყოფელია!

ვფიქრობ, თუ გინდა ძველი ქართული ენა გესმოდეს და გიყვარდეს, უბრალოდ, უნდა ისწავლო!

ენასთან და ლიტურგიკულ ტექსტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მე არ ვეხები და გთავაზობთ აწ გარდაცვლილი ყოფილი მიტროპოლიტის, გაიოზ კერატიშვილის საგულისხმო წერილს, რომელიც მან თავის ფეისბუქ-გვერდზე დაახლოებით ერთი წლის წინ დაწერა.

„ახალ ქართულზე ბიბლიური ტექსტების თარგმნას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს საინტერესო ისტორია აქვს, რაზედაც ვრცელი წერილი გამოვაქვეყნე პრესაში 2006 წელს (ასავალ-დასავალი, 10-16 ივლისი, N 28). ხსენებულ წერილში შევეხეთ ასევე ძველი ქართული ენის, როგორც რელიგიური ენის ფენომენს... ბიბლიური ტექსტების თარგმნის ენობრივ სტილს და ტექსტში შინაგანი რიტმის და მუსიკალური ჟღერადობის დაცვის აუცილებლობას, რაც ახალქართულ თარგმანებში გარკვეული ფატქორების გამო ვერ განხორციელდა. რაც შეეხება ღვთისმსახურების ახალ ქართულზე გადატანას, ვიტყვი, რომ ამის არავითარი აუცილებლობა, ან საჭიროება არაა. მეტიც, შეხებაც კი არ შეიძლება. მესმის, დღევანდელ ინტელექტუალთა წადილი ეკლესიაში რეფორმის გატარების შესახებ, მაგრამ ეს უნდა დაიწყოს არა ლიტურგიკული ხერხემლის შეცვლით, რაზედაც დგას ღვთისმსახურება, არამედ ლიტურგიკული სულის აღდგენით, ლიტურგიკული განცდის აღდგენა-დაბრუნებით მრევლში, რაც სულ სხვა საკითხია....გიორგი ფლოროვსკი წერდა, რომ „ქრისტიანობა სულაც არ არის „ზოგადი“ აბსტარაქტული უწყება, რომელიც შეიძლება მოწყვიტო და განაშორო მის ისტორიულ კონტექსტს... ქრისტიანობა ისტორიაა მთელი თავისი არსითო... „ძველი ქართული ენის განდევნა ღვთისმსახურებიდან, რაც აქამდე აზრადაც კი არ მოსვლია არავის, ნუ გეწყინებათ და ქართული ეკლესიის 2000 წლოვანი ისტორიის და საყრდენის მოშლა-მონგრევას ნიშნავს. უდავოა, ლიტურგიკული ენის რევიზია და გადასინჯვა, ეკლესიაში განხეთქილების და სექტანტური განკერძოების მოძრაობას დაუდებს სათავეს, რაც უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება. თვალსაზრისი, რომ ძველი ქართული, თითქოს მძიმე და გაუგებარი ენაა დღევანდელი ქართველისათვის, უსაფუძვლოა და ვერ დავეთანხმებით. უამრავი ლექსიკური მარაგი ძველი ქართულისა ახალ ქართულშიც ცოცხლობს, და არსებობას აგრძელებს. ხოლო ვინც ახალ ქართულზეც მწყრალადაა, ბუნებრივია, ძველი ქართულის გაგონებაც არ სურს მას. ძველი და ახალი ქართული ენა ეს ერთი მთლიანობა და ერთი სულის მატარებელი ერთი სხეულია. ბუნებრივია, ნებისმიერ ენაში, ძველი იქნება თუ ახალი, ძნელად გასაგები ტერმინები არსებობს და მუდამაც იარსებებს. ამიტომ არსებობს ლექსიკონები და სხვა სახის საცნობარო ლიტერატურა. დასანანია, რომ დღემდე ბიბლიის სრული ლექსიკონი ქართულ ენაზე (სიმფონია) არ გვაქვს, და ფართო მოხმარებისათვის არც ბიბლიის ძველქართულენოვანი სრული ტექსტი არ დასტამბულა 1882 წლის გამოცემის შემდეგ, რაც ასევე არასრულყოფილი გამოცემა იყო. ამ კოლოსალური სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ანუ რაც სიმფონია-ლექსიკონებით და სხვა სპეციალური ლიტერატურით გამდიდრდება ქართული ბიბლიოლოგია, ძველი ქართულის საეკლესიო ხმარებიდან განდევნის საჭიროება სრულიად გამოირიცხება“.

Sunday, 13 December 2015

თანაბარდაშორებული ბგერათრიგის შესახებ (I ნაწილი)

2013 წლის გაზაფხულზე, ანჩისხატის გუნდის წევრებმა, ლევან ვეშაპიძემ და ზაალ წერეთელმა ქართული გალობა-სიმღერის კილოს საკითხებთან დაკავშირებით შემოგვთავაზეს მალხაზ ერქვანიძის თეორიისაგან ოდნავ(?) განსხვავებული თეორია და ბგერათრიგი, რომელსაც უწოდეს თანაბარდაშორებული, რადგან ყველა სეკუნდა ერთმანეთის ტოლია და ოქტავის 7 თანაბარ ნაწილად გაყოფით მიიღება.

ძველ აუდიოჩანაწერებში მგალობელ-მომღერლების მიერ დაფიქსირებული ბგერათრიგების კომპიუტერულ გაზომვებს ლევანი და ზაალი 2011 წლის მარტის თვიდან თავად მალხაზ ერქვანიძის დავალებით ახდენდნენ. მათ მიერ მიღებული შედეგები და დასკვნითი ანალიზი კი მალხაზისათვის მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან ახალმა შედეგებმა და ხედვამ მისი ზოგიერთი მოსაზრების მართებულობა ეჭვქვეშ დააყენა.

მე მსურს თანაბარდაშორებული ბგერათრიგის შესახებ ჩემი არგუმენტირებული ხედვა გაგიზიაროთ, ამიტომ, სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ამჯერად არ შევეხები.

მუსიკის თეორიაში ბგერებს შორის მანძილის საზომ ერთეულად მიღებულია ცენტი.

100 ც. - პატარა სეკუნდა (ნახევარი ტონი)
200 ც. - დიდი სეკუნდა (მთელი ტონი)
300 ც. - პატარა ტერცია
400 ც. - დიდი ტერცია
500 ც. - კვარტა
600 ც. - ტრიტონი (სამი ტონი)
700 ც. - კვინტა
800 ც. - პატარა სექსტა
900 ც. - დიდი სექსტა
1000 ც. - პატარა სეპტიმა
1100 ც. - დიდი სეპტიმა
1200 ც. - ოქტავა

თანაბარდაშორებული ბგერათრიგი შედგება 171.4 ცენტიანი 7 სეკუნდისაგან (1200 / 7).

პირველი შეცდომა, რასაც თანაბარდაშორებული ბგერათრიგის თეორიის მოწინააღმდეგეები უშვებენ ისაა, რომ სიტყვა თანაბარს აიგივებენ ისეთ სიტყვასთან, როგორიცაა ერთფეროვანი. როდესაც ვამბობთ, რომ ყველა სეკუნდა ერთმანეთის ტოლია, ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი ბგერათრიგით მიღებული კილოები მრავალფეროვანი ვერანაირად ვერ იქნება. მათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ერთნაირმა სეკუნდებმა შექმნან მრავალფეროვნება.

ტემპერირებულ წყობას არავინ უწოდებს ერთფეროვანს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც თანაბარდაშორებული სეკუნდებისაგან შედგება. მაგალითად, ოქტავას თუ გავყოფთ 12 თანაბარ ნაწილად, მივიღებთ ტემპერირებულ წყობას, ხოლო თუ გავყოფთ 7 თანაბარ ნაწილად, მივიღებთ ლევანისა და ზაალის მიერ გამოვლენილ ბგერათრიგს. ტემპერირებული წყობის შემთხვევაში მრავალფეროვნების მიზეზი მარტივად გასაგებია - ძირითადი კილოები არ შედგება ერთნაირი სეკუნდებისაგან, არამედ 5 დიდი და 2 პატარა სეკუნდისაგან, რომლებიც სხვადასხვა თანმიმდევრობითაა განაწილებული. ამასთან, 5 დამატებითი (დამხმარე, ალტერნატიული) ბგერა გვაქვს, რომლებიც ალტერაციის დროს გვხვდება და შემოაქვს მრავალფეროვნება.

თანაბარდაშორებული დიატონური ბგერათრიგის უცნაური მრავალფეროვნების მიზეზი კი რთულად ასახსნელი და მით უფრო რთულად გასაგებია, რადგან ოქტავის ფარგლებში ნამდვილად 7 ერთნაირ სეკუნდასთან გვაქვს საქმე.

ვნახოთ, როგორ შეეფარდება ერთმანეთს ჩვენთვის უკვე მუსიკის დედა ენად ქცეული ფორტეპიანოს ბგერათრიგი (იგივე ტემპერირებული წყობა) და თანაბარდაშორებული ბგერათრიგი.

ნახაზი   1








ეს გრაფიკული ნახაზი სპეციალურად არის სახაზავის მსგავსი, რომელზეც სანტიმეტრები და დიუმები ერთდროულადაა ხოლმე გამოსახული. საკითხის ასე დანახვამ ნათლად გამოაჩინა არითმეტიკული პროგრესიის მსგავსად ცვალებადი ბგერათაშორისი სხვაობა.

ნახაზი   2














მეორე ნახაზზე უფრო თვალსაჩინოდაა წარმოდგენილი თითქოს სარკისებურად შებრუნებული ორი ერთმანეთის იდენტური ტეტრაქორდული თანაფარდობა, სადაც ნათლად ჩანს, რომ A და B საფეხურებს შორის და B და C საფეხურებს შორის სხვადასხვაგვარი ურთიერთმიმართებაა. ბგერის სიახლოვის კოეფიციენტი (თუ შეიძლება ასე ითქვას) სხვადასხვანაირია!

დროის სიმცირის გამო გადავწყვიტე პატარ-პატარა წერილებად გადმოგცეთ რამდენიმეწლიანი კვლევისა და ანალიზის შედეგი. მეტი თვალსაჩინოებისათვის შემდგომ წერილებში შესაბამისი კომენტარებით შემოგთავაზებთ სხვა ნახაზებსაც. ამ ეტაპზე კი პირველ ნაწილს დავასრულებ და ბევრ კითხვის ნიშანს დავტოვებ! :)

ეს გახლავთ არტემ ერქომაიშვილის სიმღერა, რომელიც ჟღერს ლევანის მიერ შექმნილი ხმის ბანკით.



მომავალ შეხვედრამდე.

მგალობელი ილია ჯღარკავა
13 დეკემბერი, 2015 წ.

Saturday, 9 May 2015

შუალედური სამხმოვანება

თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, ჩვენ ნამღერში დაფიქსირებული ბგერათრიგის იმგვარი კორექცია მოვახდინოთ, რომ, კილოური თვალსაზრისით, ძველი მომღერლების ნამღერს მიემსგავსოს, მაგრამ ამ ხერხით მიღებული შედეგი მაინც არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ბგერის სიმაღლის ხელოვნური შეცვლა არაა საკმარისი. ძველ ქართულ ხალხურ კილო(ებ)ზე მომღერალ პიროვნებას სხვანაირი პოზიციითა და მანერით უხდება ბგერათწარმოება. ვისაც ავთენტურ შემსრულებლებთან ჰქონია შეხება და ძველ აუდიოჩანაწერებს იცნობს, დამეთანხმება. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არაერთი „იმიტირებული“ (არ ვიცი რამდენად მისაღები ტერმინია) აუდიოჩანაწერი არსებობს, სამაგალითოდ, ცხადია, ძველი ჩანაწერები რჩება. კომპიუტერის დახმარებით შექმნილი ნიმუშები, პრინციპში, ამა თუ იმ თეორიის პრაქტიკულ მაგალითებს წარმოადგენს და სხვას არაფერს.

არაერთხელ გამჩენია კითხვა: როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ბუნებრივად ნამღერი უბრალო „ამინ“?

ასეთ ჟღერადობას წავაწყდი ძველი ანსამბლ რუსთავის ერთ-ერთ ჩანაწერში, რომელსაც ასრულებენ: რამინ მიქაბერიძე, ჰამლეტ გონაშვილი და ანზორ ერქომაიშვილი. არცერთი მათგანი არ ითვლება ავთენტურ შემსრულებლად, მაგრამ ეს სიმღერა უფროსი თაობის ერქომაიშვილებისგან აქვთ ნასწავლი და მათ ნამღერში, ადგილ-ადგილ, ძველი კილოსკენ მიხრილი ბგერები არცთუ იშვიათად გვხვდება. ასევე უნდა ვთქვა, რომ, ჩემდა გასაკვირად, ჰამლეტ გონაშვილის მიერ შესრულებულ სხვადასხვა სიმღერაშიც შემინიშნავს ძველებური ხმოვანება. აქ დასახელებულ სამივე მომღერალს ძველ პროფესიონალ მომღერლებთან ჰქონდა ურთიერთობა, მათთან ერთად სიმღერა უწევდა და ამ მხრივ დიდად გასაკვირიც, ალბათ, არაფერია.

წარმოდგენილი ნაწყვეტი სულ პატარაა. განსაკუთრებულ ყურადღებას კი, ჩემი აზრით, იმით იმსახურებს, რომ ბოლო თანახმოვანებისას, ყოველგვარი ძალდატანებისა და ამაღლება-დადაბლების გარეშე, ბუნებრივად, განსხვავებული პოზიციით ნამღერი, „შუალედური სამხმოვანება“ ფიქსირდება. თუ გავითვალისწინებთ ჩანაწერის ხარისხსაც, ვფიქრობ, მაგალითისთვის საუკეთესოა.
 

ჩემთვის ეს „ქართული სამხმოვანებაა“, მაგრამ ტერმინოლოგიური დავა რომ არ გამოვიწვიო, შუალედურს ვუწოდებ. შუალედურს კი იმიტომ, რომ მაჟორსა და მინორს შორის ჟღერს.

მგალობელი ილია ჯღარკავა
9 მაისი, 2015 წ.