წმ. მღვდელმთავარი ალექსანდრე (ოქროპირიძე)
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)
წმ. ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი)
წმ. დიმიტრი (ყიფიანი)
წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე)
წმ. ექვთიმე აღმსარებელი (კერესელიძე)
წმ. ალექსი ბერი (შუშანია) (ექვთიმე კერესელიძის მოძღვარი)
წმ. ფილიმონ მგალობელი და ერისათვის თავდადებული (ქორიძე)
წმ. ძმები კარბელაშვილები
ეს იმ წმიდანების სიაა, რომელთა საოცარმა ღვაწლმა და თანადგომამ ძველი ქართული საეკლესიო გალობა გაქრობისაგან იხსნა. მათ გარდა ათჯერ და ალბათ ოცჯერ მეტი მოღვაწეა სახსენებელი, მაგრამ მე ყურადღებას წმიდანებზე ვამახვილებ, სწორედ იმიტომ, რომ თითოეული მათგანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის მიერ იქნა წმიდანად აღიარებული.
„ხომ სხვა და სხვა სამეფოებში ვყოფილვარ და მომივლია, და მათი ყველაფერი შემისწავლია, მაგრამ, მთელ ქვეყანაზე არც ერთ ტომს, და არც ერთ სამეფოებს არა აქვს, ისე მრავალი, ისე რთული, ისე გამტაცი, ისე კაცის აღმაფრთოვანებელი წყობილი მუსიკა, გალობა და სიმღერა, როგორიც ამ ჩვენ პატარა საქართველოს ერსა გვაქვს! ამისათვის დღე და ღამე თავს ვაკლავ, მეტის მეტით შრომით, რომ არ დამრჩეს ნოტებზე გადაუღებელი და დაუწერავი სიმღერა გალობის სხვა და სხვა ხმები.“ ფილიმონ ქორიძე
„სიმღერა, გალობა სხვა არა არის რა, გარდა ბედნიერად შექსოვილის პოეზიისა და მუსიკისა. აქ, სიმღერაში, გალობაში, მწყობრი ხმა ჰშველის წყობილსიტყვაობას და წყობილსიტყვაობა მწყობრს ხმასა, რათა მთლად და სავსებით ადამიანმა გამოსთქვას თვისის სულის მოძრაობა და თვისის გულის ძარღვის ცემა. ხმა და სიტყვა ცალ-ცალკე ბევრს შემთხვევაში უღონონი არიან ადამიანის გულის სიღრმიდამ ამოზიდონ იგი სხვილი და წვრილი მარგალიტები, რომლითაც სავსეა ადამიანის გული და რომელნიც აიშლებიან ყოველთვის, როცა ან სევდა-მწუხარება, ან სიხარული შესძრავს ხოლმე ღვთაებურს სიმებს ადამიანის სულიერებისას. სიმღერა ამ მხრით იგივე ცრემლია, რომელიც მაშინაც მოდის, როცა გულს მწუხარება ჰკუმშავს, და მაშინაც, როცა დიდი სიხარული ეწვევა“. ილია ჭავჭავაძე
„ჩვენ ჩვენი გალობის გადაგვარების და დამახინჯების შიში აღარა გვაქვს, რადგანაც ის ნოტებზეა დაწერილი თავის საკუთარ ჰანგზე, მაგრამ ეს ნოტებად დაწერილი თუ არ დაიბეჭდა, თუ მისი შესწავლა და ცოდნა არ გავრცელდა სასწავლებლებში, ხალხში და არ გაჩაღდა მისი ღაღადება ეკლესიებში, მაშინ მოკლებული თავის დანიშნულებას, გადაგვარებაზე უარეს მდგომარეობაში დარჩება.“ ფილიმონ ქორიძე
„გელათში დღე და ღამე სულ თავაუღებლად გადაწერაში ვიყავი, თანაც ნაწერებს ვადარებდი, რომ შეცდომა არ გამპარვოდა. ამათ წერის დროს შემოდიოდნენ ჩემთან ხანდახან ბერები და მორჩილები და მეტყოდნენ, ვაი, რა ტუტუცი ხარ! რატომ-მეთქი მე ვეტყოდი, იმიტომ, რომ როცა შემოვდივართ დღე და ღამე სულ კრუხივით დაყრდნობილი ხარ მაგიდაზე, სულ სწერ! უფულოდ ტყულათ რათ უჭირვებ შენს თავს! ხოლო მე პასუხს ვეტყოდი: მაგაზე არა ვფიქრობ, თუ უფასოდ რადა ვმუშაობ-მეთქი, რადგან მე ამაში ვპოულობ დიდ სიმდიდრეს, ეს თვითონ ფულია, თვითონ ძვირფასი განძია, ეს ოქრო-ვერცხლზე და თვალ-მარგალიტზე უძვირფასესია, საუკუნო საუნჯეა! მე არ წარმომიდგენია როგორც მუქთა საქმე, არა, არამედ მე წარმოდგენილი მაქვს ჩემი თავი, როგორც ოქრომჭედელი და თვალ-მარგალიტის დამლაგებელი! მე ხანდახან გაკვირვებაში მოვდივარ, ვინ მოუშვა ჩემამდე ეს ძვირფასი სიმდიდრე, რომ მე უღირსი იმაში ხელს ურევ“. ექვთიმე კერესელიძე
1863 წლის 4 მაისს ბოდბის წმიდა ნინოს მონასტერი მოუნახულებია წმ. დიმიტრი ყიფიანს. არქიმანდრიტ მაკარისადმი მიწერილ წერილში იგი აღნიშნავდა: „წმიდა ნინა ქართველთ განმანათლებლის საფლავის თაყვანისცემა ამ თხუთმეტს საუკუნეში მარად სანატრელი არს ყოველი ქართველისათვის. თორმეტის წლის წინედ, პირველად რომ ვეღირსე მუხლის მოდრეკასა სანატრელის საფლავის წინაშე, გულიცა ჩემი მოდრეკილ - იქმნა მწუხარებისაგან: ამ მაისის დ (4) მეორედ შემხვდა მუნ ყოფნა და გული ჩემი დასტკბა, რა ვიხილე განახლება ყოვლისა ძვირად დასაფასებელითა ღვაწლითა თქვენითა; სული ჩემი დასტკბა, რა ვისმინე გალობა ჩვენი ძველებური, თქვენის ზრუნვითა და მეცადინეობით განახლებული და საამოდ შეთანხმებული...“
„ქართლ-კახური გალობა არის ის წყნარი, აუჩქარებელი, დინჯი, შეუდრეკელი, მდორი, გულჩათხრობილი, გულმხურვალებით აღსავსე გრძნობა-ვედრება უზენაესისადმი, რომელიც ჰხატავს ერის მაღალზნეობითს აღსავსე სულიერ სიმდიდრეს, რომელმაც ათას ხუთას ოთხმოც წელიწადში გამოატანინა თავი ქართველობას და არასდროს არ აგმევინა სჯული ქრისტესი.“ ვასილ კარბელაშვილი
„დიდება შენდა უფალო იესო ქრისტე, ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი, მადლითა შენითა ვისწავლე, და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამისა მხიარულებით . . . და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ექვთიმე კერესელიძე
ვფიქრობ, ეს რამდენიმე ციტატა საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა სულისკვეთება ჰქონდათ ამ დიდ ადამიანებს, როგორი სიყვარული ჰქონდათ ქართული გალობისა.
1980-ანი წლების ბოლოს წინაპრების ასეთ თავდადებას შემხვედრი ნაბიჯებით ანჩისხატის გუნდმა უპასუხა. 1988 წელი ძველი ქართული საეკლესიო გალობის აღდგენისა და ღვთისმსახურებაში დაბრუნების საყოველთაოდ აღიარებული თარიღია! ის, რაც ექვთიმე კერესელიძემ ერთ-ერთ სანოტო ხელნაწერს ლოცვად მიაწერა (...ნაშრომსა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდეს ერთა შორის...), ანჩისხატის გუნდის საშუალებით განხორციელდა. მათ მიერ გამოცემული აუდიოჩანაწერები და სანოტო კრებულები ის ძირითადი წყაროა, რითაც მთელი საქართველოს მგალობლები ვსაზრდოობთ. გალობა მართლაც აღდგა, აღარც დაკარგვის საშიშროებაა, სინოდის განჩინებებიც „ზურგს გვიმაგრებს“, მაგრამ სამღვდელოების მხრიდან მგალობელთა მიმართ უყურადღებობა და ნიჰილიზმი მატულობს. ზოგჯერ კითხვა ჩნდება, ვინ იღებს იმ განჩინებებს, თუკი ასეთი გულცივი დამოკიდებულება აქვს სამღვდელოების უდიდეს ნაწილს ძველი საგალობლების მიმართ?
განზრახ დავიწყე ეს წერილი წმიდანების სახელების ჩამოთვლით. მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ვარ და მსურს, რაც შეიძლება ბევრი პატიოსანი და სამაგალითო სასულიერო პირი იყოს საქართველოს ეკლესიაში, მაგრამ ჩემი სურვილი და მოლოდინი, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ამაო ხდება. მიმაჩნია, რომ სადაც არ არის სიმართლე, იქ არც მართლმადიდებლობაა! წმ. ილია მართალი ამბობდა, კაცს სიმართლე საკუთარ თავზე მეტად უნდა უყვარდესო. ის სიმართლე კი, რომლის გამოც ეს წერილი დავწერე, მძიმეა. მძიმე იმიტომ არის, რომ სამღვდელოების მხრიდან ზემოთხსენებული უყურადღებობა და ნიჰილიზმი, რომელიც თითქმის ყველა მგალობლის სატკივარია, ანჩისხატის გუნდის მიმართაც გამოვლინდა. ქართული საეკლესიო გალობის მთავარი კერა მოიშალა! უკვე ორი თვეა გუნდი აღარ გალობს ტაძარში. ეს გადაწყვეტილება კი რამდენიმეწლიან უშედეგო იმედსა და ლოდინს მოჰყვა. მე, პირადად, არ მიკვირს ზოგიერთი რამ, რაც უნდა მიკვირდეს. იმიტომ არ მიკვირს, რომ ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში უდიდესი წმიდანები, იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი და გრიგოლი ღვთისმეტყველი ეკლესიის პრობლემებზე ძალიან მძიმე სიტყვებს წერდნენ. კიდევ იმიტომ არ მიკვირს, რომ წმ. ექვთიმე აღმსარებელს საგალობელთა ნოტების გადაწერისას ბერები და მორჩილები ეუბნებოდნენ, ტუტუცი ხარ და ტყუილად მუშაობო!
წმ. იოანე ოქროპირი: „დიდ განსხვავებას ვხედავ წარსულ და თანამედროვე მწყემსმთავრებს შორის. ისინი მებრძოლები იყვნენ, ესენი კი ზარმაცები არიან; ისინი წიგნიერებითა და სწავლებებით ხდებოდნენ სრულყოფილნი, ესენი კი მორთვა-მოკაზმვით სრულყოფენ თავს. მათ თავი ცხოვართათვის გაწირეს, ესენი კი, დაქირავებულ მწყემსთა მსგავსად, სამწყსოს ტოვებენ და გარბიან“.
წმ. ბასილი დიდი: „ეპისკოპოსები, რომლებსაც ჩემთან აქვთ ურთიერთობა, სიზარმაცის თუ ჩემს მიმართ არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო, არ მიწყობენ ხელს უმნიშვნელოვანეს საქმეებში“.
წმ. იოანე ოქროპირი: „მღვდლებად აკურთხებენ ვიღაც უვიცებს და მათ ადგენენ იმ საგანძურის, მონაპოვარის ზედამხედველებად, რომლისთვისაც ძე ღვთისამ თავისი სისხლი დაღვარა“.
წმ. გრიგოლი ღვთისმეტყველი: „შეხედეთ, ქვეყანა სავსეა მღვდლებით, მაგრამ იშვიათად თუ შეხვდებით ღვთის ჭეშმარიტ მსახურს, რადგან ეპისკოპოსის ხარისხის მიღება კი გვსურს, მაგრამ ამ ხარისხის შესაბამისი მოვალეობების შესრულება არ გვინდა. საყვარელო ძმებო! ეპისკოპოსების ცხოვრებაში დიდი საშიშროება დევს, რომლის გამოც ძალიან ვწუხვარ… ჩვენ მხოლოდ ეპისკოპოსის სახელს ვატარებთ, ღირსებებს კი – არა. ისინიც, ვინც ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშ არიან, ღმერთს შორდებიან, ჩვენ კი ვდუმვართ; ისინი ბოროტების მსხვერპლნი ხდებიან, ჩვენ კი მათ ხელსაც არ ვუწოდებთ. წუთისოფლის საქმეებით დაკავებულებს აღარ გვაღელვებს ადამიანთა ბედი“.
მე არ ვიცი, ვის სჯერა და ვის არ სჯერა ჩემი გულწრფელობის, მაგრამ ძალიან გამიხარდება, დღევანდელ სასულიერო პირებში თუ ვიპოვი ისეთ დიდ მოღვაწეებს, რომ წინაპართა რიგებს ახლავე მივათვალო. ამჯერად კი, სასიამოვნოდ დაწყებული წერილის დასასრულის დამძიმება მხოლოდ და მხოლოდ მძიმე რეალობის ბრალია.
მინდა, შემეძლოს პროტოპრესვიტერ ალექსანდრე შმემანის სიტყვების თქმა: „როცა მე ვამბობ: „ეკლესიაში მივდივარ“, ეს ნიშნავს, რომ მე მორწმუნეთა კრებულში მივდივარ, რათა მათთან ერთად შევადგინო ეკლესია, რათა ვიყო ის, რაც ჩემი ნათლობის დღეს გავხდი - ქრისტეს სხეულის ნაწილი, ამ სიტყვის სრული და ყოვლისმომცველი გაგებით.“
მე არავის ვუპირისპირდები და წმ. მღვდელმთავარ გაბრიელის სიტყვებს ვუერთდები: „ეს სოფელი და ამსოფლიური საქმე კაცს კაცისაგან განყოფს, განაშორებს, ხშირად კი გადაამტერებს კიდეც, ხოლო ეკლესია შეაერთებს, დააახლოვებს, კაცს კაცს შეაყვარებს... ეკლესია ჩვენი დედაა, რადგან მან გვშვა ჩვენ წმინდა ემბაზისაგან და სულიერი საზრდოთი გვზრდის“.
მე ასეთი ეკლესიისა და ასეთი მართლმადიდებლობისა მწამს!
ვემიჯნები ყოველგვარ პროტესტს, რომელშიც ვლინდება აგრესია და ლანძღვა-გინება, რადგან არაქრისტესმიერია და შეუძლებელია ასეთმა მოქმედებამ კეთილი ნაყოფი გამოიღოს.
იმ სასულიერო პირებს, რომელთა მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს, რაც პირადადაც მითქვამს და იციან, ვთხოვ, გულთან მიიტანონ მგალობელთა სატკივარი და შეძლებისდაგვარად იმოქმედონ, რომ ვითარება გამოსწორდეს.
მგალობლებს კი გიზიარებთ ამ სიტყვებს, რომელიც ერთმა მეგობარმა მომაწოდა:
„ვგალობდი რაჲ ენითა უბადრუკი, მრავალგზის ვიპოვე ცოდვისმოქმედ გონებითა, რამეთუ პირითა გალობათა ვიტყოდი, ხოლო სულითა ძჳრთა ბოროტთა ვიგემოვნებდი. არამედ ორკერძოვე განმკურნე, ქრისტე ღმერთო, სინანულისა მიერ და შემიწყალე მე“.
უკეთესი მომავლის იმედით,
მგალობელი ილია ჯღარკავა
6 მარტი, 2015 წ.
No comments:
Post a Comment